სადამრიგებლო პროგრამა


მეორეკლასელის მოკლე დახასითება მეორეკლასელი, პირველკლასელისგან განსხვავებით, უკვე შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება მოსწავლის სწავლის სტილი. ყველა მოსწავლისათვის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება. მას შეუძლია უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. თანდათან ბავშვს უვითარდება ნებელობა. მოსწავლეს შეუძლია იმპულსების შეკავება. მეხსიერებისა და ყურადღების მართვა განზრახვის შესაბამისად. ამასთან, ყურადღებისა და მეხსიერების მართვა დიდადაა დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე. ამიტომ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, მოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს. ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება. მასწავლებელი კვლავ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, მაგრამ მასთან ურთიერთობა უფრო პირადული ხდება. ჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი შესვენებებზე, ექსკურსიაზე. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა (მხიარულია, კეთილია). მეორეკლასელი მოსწავლე იწყებს მეგობრების შეფასებას თვისებებიდან გამომდინარე. იწყება თანატოლებთან თანამშრომლობის უნარის განვითარება. ამავე დროს, ჩაისახება მოლაპარაკების, დათმობის, საქმიანობების განაწილების უნარები. თუმცა ზოგი მეორეკლასელისათვის ეს ჯერ კიდევ რთული ამოცანაა. კლასში იკვეთება ლიდერი. ხშირია მოსწავლეებს შორის პაექრობა. მეორეკლასელს სწავლის გარდა ინტერესთა ახალი სფერო უჩნდება. ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან, მშობლებთან, თანატოლებთან. სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო უნარების გარდა თანამშრომლობის უნარების განვითარება როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან. ადამიანების დახმარება, ალტრუიზმი; როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან? დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს: რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი? ის აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობარი მხარში უდგას მეგობრებს. ეხმარება მათ და საჭიროების შემთხვევაში ამხნევებს. დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ ისინი სულ ორი წელია, რაც ერთ კლასში სწავლობენ,მაგრამ ალბათ უკვე ძალიან ბევრ რამეში დაეხმარნენ ერთმანეთს. ზოგმა ფანქარი ათხოვა მეგობარს, ზოგმა - კალამი, ზოგი ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა მას, ზოგი კი კანფეტებით გაუმასპინძლდა კლასელებს. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, თუ როგორ დაეხმარნენ მათ თანაკლასელები, მშობლები, თვითონ როგორ დაეხმარნენ სხვებს. დამრიგებელს შეუძლია აქაც დიდაქტიკურ ზღაპარი გამოიყენოს. ფლო ყვავილების მინდორზე პატარა ყვავილი ამოვიდა. თვალი გაახილა თუ არა, გარშემო ნაირფერი, ლამაზი ყვავილები დაინახა. არცერთი ყვავილი არ ჰგავდა ერთმანეთს. ზოგი ყვითელი იყო დიდი ფოთლებით, ზოგიც - წითელი. ყვავილები სიყვარულით მიესალმნენ ახლად ამოსულ ყვავილს და სახელად ფლო შეარქვეს. დილაობით ყვავილები ჯერ მზეს ესალმებოდნენ, შემდეგ - ერთმანეთს და შემდეგ კი ყველა თავისი საქმით კავდებოდა. ხოლო საღამოობით ყველაზე საინტერესო იწყებოდა: უფროსი ყვავილები პატარებს უყვებოდნენ, რა ხდებოდა მინდორზე მათ დაბადებამდე. ერთ საღამოს ამბის თხრობა ბაბუა ზამბახმა დაიწყო. . . - ეს ამბავი გასულ ზაფხულს მოხდა. ძალიან მშვიდი ზაფხული იყო, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა. მხოლოდ ცაში ძალიან მაღლა, მიფრინავდნენ ძმები: ქარი და წვიმა. თან იმდენად მაღლა მიფრინავდნენ, რომ დედამიწაზე მათ არსებობას ვერავინ ამჩნევდა. სიჩუმეში მათ გაიგონეს, როგორ ამბობდნენ ყვავილები, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე მეგობრული არსებები არიან. ძმებმა მათი გამოცდა გადაწყვიტეს. პირველი საქმეში ქარი ჩაერთო. მან იმდენად ძლიერად დაუბერა, რომ ყვავილებს ლამის ფესვიანად გლეჯდა. ყვავილებმა ფოთლები ჩაჰკიდეს და ისე მაგრად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რომ ქარი დარწუნდა მათ მეგობრობაში და თავი დაანება. მაშინ საქმეში წვიმა ჩაება და კოკისპირული წვიმა დაუშვა. მაღალმა, დიდფოთლებიანმა ყვავილებმა თავისი განიერი ფოთლები გადააფარეს პატარებს. მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ძმები ყვავილთა ერთგულებაში. ასე დასრულდა ბაბუა ზამბახის ისტორია. ფლო ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მიხვდა, რომ იქ დაიბადა, სადაც ყველაზე მეგობრული არსებები ცხოვრობენ. შეკითხვები: როგორი გამოცდა მოუწყვეს ძმებმა - ქარმა და წვიმამ ყვავილებს? რა გააკეთეს ყვავილებმა ქარის დროს? წვიმის დროს? რაში დარწმუნდნენ ქარი და წვიმა?

No comments:

Post a Comment